ოთარ დანელია კომპანია "DEMETER-AWE"-ს დელეგაციას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია გლობალური საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია DEMETER-AWE-ს დელეგაციას შეხვდა.

სამინისტროს ცნობით,  საქართველოს რეგიონებში მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, კომპანიის ექსპერტების სამუშაო ჯგუფმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კვლევის" პრეზენტაცია გამართა.

მათივე ინფორმაციით, DEMETER-AWE-ს მიერ წარდგენილ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი სოფლის მეურნეობის დარგში შექმნილი ვითარება. დოკუმენტში ასევე მოცემულია დარგის სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.

"წარმოდგენილი კვლევა - პირველი ეტაპია; ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შესამუშავებელია სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ყოვლისმომცველი სტრატეგიული გეგმა", - განაცხადა DEMETER-AWE-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, შარონ კანდისმა.

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელობას გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია DEMETER-AWE-ს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატი მომავალშიც გაგრძელდება.