დავით შავლიაშვილმა ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას რეაბილიტირებული გზა გახსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას 6,4 კილომეტრიანი ახლად რეაბილიტირებული გზა გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, გზის გახსნას ასევე ესწრებოდნენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეს გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ემსახურება და ერთადერთია, რომელიც ამ სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს. მისით მუდმივად სარგებლობს 20 000 ადამიანი, ასევე, მხოლოდ აღნიშნული გზით გადადგილდება ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეიდან, მათი მგზავრობის ხანგრძლივობა სოფლიდან ცენტრამდე მნიშვნელოვნად შემცირდება და კომფორტული გახდება.

ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის (კმ16-კმ22) რეაბილიტირებული მონაკვეთი სიღნაღის მუნიციპალიტეტში იწყება და უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზას სოფელ ანაგას ტერიტორიაზე. პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე (SLRP II) პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 3 222 900 ლარი შეადგინა. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და სამუშაოები ს.ს. "კავკასავტომაგისტრალმა" შეასრულა. სამუშაოებზე დასაქმდა 50-მდე ადამიანი, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე.

პროექტის შესაბამისად განხორციელდა გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ბორდიურების, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. შეკეთდა არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ასევე, მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედლები და მიერთებები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონში, წელს, 23 პროექტს ახორციელებს, მათ შორის - საგზაო მონაკვეთების სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრ სამუშაოებს.