წლევანდელი რთველი შარშანდელზე ბარაქიანი აღმოჩნდა

120 ათასი ტონა ყურძენი და 170 მილიონი ლარის შემოსავალი

”რთველი 2014”, რომელიც წელს 21 აგვისტოს კახეთიდან დაიწყო, ფაქტობრივად, დასრულდა. გლეხებისგან და მევენახეებისგან ყურძენს 87 ღვინის კომპანია იბარებდა. საერთო ჯამში ქარხნებმა მიიღეს და გადაამუშავეს 120 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეებმა შემოსავლის სახით 170 მილიონი ლარი მიიღეს.

რთველის ფარგლებში ყველაზე დიდი რაოდენობით რქაწითელი ჯიშის ყურძნის გადამუშავება მოხდა - 73 ათას ტონაზე მეტი. ღვინის ქარხნებმა დაახლოებით 40 ათასი ტონა საფერავი გადაამუშავეს, რომლის ფასიც უხვი მოსავლის მიუხედავად, წელს უპრეცედენტოდ მაღალი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში მეღვინეებმა 2200 ტონა კახური მწვანე გადაამუშავეს. კახეთის შემდეგ რთველი რაჭაში გაგრძელდა, სადაც 873 ტონაზე ცოტა მეტი ალექსანდროული და მუჯურეთული დაიკრიფა და გადამუშავდა.

24-საათიან რეჟიმში მუშაობდა რთველის საკოორდინაციო შტაბი. რთველის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი გამგეობები და მუნიციპალიტეტები. წლევანდელი რთველი განსაკუთრებული ორგანიზებულობით და საბაზრო თვითრეგულაციებით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ მუშავდება საირიგაციო პროექტები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, უკვე მოქმედებს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, რაც მევენახეებისთვის მეტი დაცულობის გარანტი იქნება.

ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ”ეს იყო ყველაზე მასშტაბური რთველი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ქარხნებმა რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 120 ათასი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს. გასულ წელს ვამბობდი, რომ ის იყო ყველაზე ნაყოფიერი და რეკორდული შედეგების მქონე რთველი, მაგრამ შარშანდელ მაჩვენებლებს წლევანდელმა რთველმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მევენახეებმა ჩაბარებული ყურძნის სანაცვლოდ 170 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

რთველის ასეთი მასშტაბები ცხადყოფს, რომ ჩვენი ღვინის ინდუსტრიის მასშტაბები იზრდება და მეღვინეობა, როგორც დარგი საქართველოში ვითარდება.

რთველის მიმდინარეობისას პერიოდული მღელვარების მიუხედავად, ისევე როგორც შარშან, რთველთან დაკავშირებით მთავრობის ყველა დაპირება წელსაც შესრულდა. საკმაოდ მაღალი იყო ფასი ყურძენზე, განსაკუთრებით საფერავის ჯიშის ყურძენზე. რაჭაშიც რეკორდული ფასი აღინიშნა და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის რეკორდული მოსავალი იყო, მაღალი იყო ხარისხის კონტროლი. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ახალი ინიციატივით ჭაჭის გაცემა არ ხდებოდა ქარხნებიდან და ხდებოდა მისი უტილიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფალსიფიცირებული, ჭაჭისგან დამზადებული მეორადი ღვინო დიდი მოცულობით ბაზარზე აღარ მოხვდება.

დაიხვეწა კონტროლის მექანიზმები, რომელიც აღინიშნა რაჭის რეგიონშიც, მათ შორის ჯიშობრივი სიწმინდის კონტროლის და ყურძნის ნაკადების კონტროლის თვალსაზრისით. ყველა ამ მიდგომამ რთველის ეფექტურად ჩატარებას შეუწყო ხელი.

საფერავის მოსავალი მოთხოვნაზე 30%-ით მეტი იყო. კეთდებოდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ გვალვის გამო მოსავალი მოთხოვნაზე ბევრად მცირე იყო. მართალია, გვალვის შედეგად ბევრი ვენახი გაფუჭდა, მაგრამ ჯამში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ დიდი მოცულობის ყურძნის ჩაბარება მოხდა. გადაჭარბებულმა აჟიოტაჟმა საფერავის ფასი საკმაო მაღალ ნიშნულზე აწია. საბოლოდ, ფასები ბაზრის პრინციპით ყალიბდება. შესაძლოა, კომპანიებმა გადაიხადეს საფერავის ჯიშის ყურძენში მაღალი ფასი, მაგრამ მათ გადაიხადეს ის ფასი, რომლის გადახდაც შეეძლოთ. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასი ვერ იქნება ერთნაირი და ამას უნდა შევეგუოთ.

მოგეხსენებათ, რომ წელსაც შენარჩუნებული იყო ყურძნის სუბსიდიის სისტემა. სუბსიდიამ ხელი შეუწყო იმას, რომ მაღალი ყოფილიყო ფასი განსაკუთრებით რქაწითელზე. კომპანიებს სახელმწიფოს მხარდაჭერით შეღავათიანი აგროკრედიტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. აგროკრედიტის სპეციალური კომპონენტი ითვალისწინებს ყურძნის გადამუშავებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებას სახელმწიფოს მიერ. ეს დიდი შეღავათია ღვინის კომპანიებისთვის, რადგან მათ იაფი საბრუნავი კაპიტალი გაუჩნდათ. ამან თავის მხრივ, ხელის შეუწყო ყურძენზე მოთხოვნის გაზრდას”.

ემა ტუხიაშვილი