აგროდაზღვევით უკვე 6 000 მიწათმოქმედი სარგებლობს

მზღვეველმა პირველი ზარალიც აანაზღაურა

საქართველოში აგროდაზღვევის საცდელი პროექტი 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა და ერთ წელიწადს გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. სახელმწიფო, გარკვეული პირობით, სოფლის მეურნეობის ყველა იმ პროდუქტის დაზღვევის სუბსიდირებას მოახდენს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. აგროდაზღვევის კოორდინატორია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

მოქნილი სადაზღვევო სქემის არარსებობა ქვეყანაში აგროსექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა. რამდენიმე მზღვეველი აქამდეც სთავაზობდა ბაზარს სხვადასხვა აგროპოლისებს, მაგრამ ამას მაინც ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა - მიწათმოქმედს დაბალი რენტაბელობის გამო სადაზღვევო პროცენტის გადახდა უჭირდა და მზღვეველიც ვერ რისკავდა ყველა აგროპროდუქტის ზარალის ანაზღაურებაზე აეღო პასუხისმგებლობა. სახელმწიფომ გადაწყვიტა ამ მიმართულებით განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გაეთვალისწინებინა და სადაზღვევო პოლისის პროცენტის უდიდესი წილის გადახდა საკუთარ თავზე აეღო. შესაბამისად, ის ვინც დღეს მოსავალს დააზღვევს, პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პროცენტის დიდ წილს სახელმწიფო აუნაზღაურებს.

სახელმწიფო სუბსიდირების ლიმიტის ზედა ზღვარი კერძო ფერმერებისთვის - 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაშიკი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებისას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებლობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი.

პროექტში მონაწილეობა საქართველოში ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო ფირმას შეუძლია. ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოთხ სადაზღვევო კომპანიასთან არის გაფორმებული, რომლებიც ფერმერებს სთავაზობენ მოსავლის დაზღვევას ოთხ სტიქიურ მოვლენაზე: საშემოდგომო ყინვაზე, სეტყვაზე, ჭარბ ნალექსა და ქარიშხალზე. პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვითი ნახაზი ან და GPS კოორდინატები. სადაზღვევო პოლისის გაცემის ბოლო ვადა 2015 წლის 31 აგვისტოა.

ლევან მაღრაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი: "აგროდაზღვევის ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ ფერმერსა თუ მიწათმოქმედს, შეუძლია მოსავალი დააზღვიოს ოთხი სტიქიისგან და თავი დაიცვან მოსალოდნელი ზარალისგან. 1 სექტემბრიდან დღემდე უკვე გაყიდულია 6 ათას პოლისზე მეტი. ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურობს დასავლეთ საქართველო, რადგან აგროდაზღვევის პროექტის ამოქმედება ციტრუსის მოსვლის პერიოდს დაემთხვა. სადაზღვევო კომპანიები აქტიურად მუშაობდნენ და ფერმერების ინფორმირებას ახდენენ აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი იქნება მოთხოვნა ვაზის დაზღვევაზე მაშინ, როცა შესაბამისი აგროვადები მოახლოვდება. ყველა სოფლის მეურნეობის კულტურას დაზღვევის თავისი აგროვადები აქვს და ეს ყველაფერი პოლისის მოთხოვნებშია გაწერილი. მაგალითად, ვაზის შემთხვევაში მტევანი უნდა იყოს თვალით გარჩევადი იმისთვის, რომ მევენახემ მოსავალი დააზღვიოს.

აგროდაზღვევის ამოქმედების შემდეგ ბევრად უკეთესი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ველოდით. ერთი თვის პერიოდისთვის 6 000 პოლისი საკმაოდ კარგი მონაცემია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველი ფერმერის შემთხვევაში საშუალოდ დაზღვეულია 0,3-0,4 ჰექტარი მიწის ფართობი, საერთო ჯამში ძალიან დიდ მასშტაბებს მივიღებთ.

ამ ეტაპზე აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში ოთხი სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს: "ჯიპიაი ჰოლდინგი", "ალდაგი", "აისი ჯგუფი" და "ირაო". ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, სხვა მზღვეველებსაც აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში.

ერთი მხრივ, თუ გლეხებისთვის და მიწათმოქმედებისთვის არის მიმზიდველი ეს პროექტი, მეორე მხრივ სადაზღვევო კომპანიებისთვისაც ხელსაყრელია. თუ მზღვეველები აქამდე ვერ ახერხებდნენ ამ მიმართულებით განვითარებას, რადგან რისკი ამ სექტორში მაღალი, ხოლო მოსახლეობის გადახისუნარიანობა დაბალი იყო, ახლა სახელმწიფოს მონაწილეობით ეს პრობლემა მოიხსნა. პირველ რიგში იმის გამო, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროცენტის დიდ წილს იხდის გაიზარდა დაზღვეულის გადახდისუნარიანობა და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა აგროდაზღვევაზე. ახლა სადაზღვევო კომპანიები მოტივირებული არიან და ცდილობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთებიდან მინიმალური დააწესონ, რითაც საბოლო ჯამში მოგებული რჩება დაზღვევით მოსარგებლე პირი.

ამ ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდებით პროექტის მიმდინარეობას და საპილოტე პროექტში საჭიროების შემთხვევაში კორექტივებს შევიტანთ, რადგან ის იყოს სრულყოფილი და მაქსიმალურად მორგებული ფერმერების საჭიროებებზე".

თამარ ჭკადუა, სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი:

"კომპანია "ალდაგს" აგროდაზღვევის მიმართულებით მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონი ლარის მოცულობის პრემია ავანაზღაურეთ აგროდაზღვევის მიმართულებით. ახლაც აქტიურად ჩავერთეთ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ აგროდაზღვევის პროექტში. მოგეხსენებათ, რომ 1 სექტემბრიდან დაიწყო ეს პროექტი და თვის პირველი ნახევარი მოვანდომეთ მოსახლეობის ინფორმირებას პროექტთან დაკავშირებით. სექტემბრის მეორე ნახევრიდან უკვე დავიწყეთ აგროდაზღვევის პოლისების გაცემა. განსაკუთრებული აქტივობით სექტემბრის ბოლო კვირა გამოირჩეოდა. ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვეები კიდევ უფრო აქტიური იქნება. აქტივობაა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან გვახარებს.

აქამდე აგროდაზღვევა არ იყო ასე მასობრივად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, რადგან დაზღვევა მაინც ფუფუნების საგანია და სურვილის მიუხედავად, ბევრი ვერ ახერხებდა სადაზღვევო პროდუქტის შეძენას. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულმა პროექტმა კი მოსახლეობას მისცა შესაძლებლობა, მინიმალური თანხის გადახდით მნიშვნეოვანი რისკებისგან დააზღვიონ მოსავალი. მაგალითად, ყურძნის დაზღვევა შესაძლებელია სეტყვისგან, ხოლო ციტრუსის - ყინვისგან და ა.შ. დაზღვევის პოლისის პროცენტის უდიდეს ნაწილს ფარავს სახელმწიფო და შესაბამისად აქტივობა მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდია, რადგან გლეხისთვის დარჩენილი მინიმალური თანხის გადახდა მისაღებია.

ჩვენ ვაგრძელებთ ფერმერების ინფორმირებას რეგიონების მიხედვით, რათა კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე ამ პროექტის შესახებ".

თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

"ჩვენი კომპანია ამ პროგრამაში თავიდანვე ჩაერთო და დავიწყეთ მუშაობა იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით აქტუალურია აგროდაზღვევა. მაგალითად, აჭარაში ახლა ციტრუსის სეზონია. უკვე დაზღვეული გვყავს რამდენიმე ათასი ფერმერი და პირველი ზარალიც ავანაზღაურეთ. მოგეხსენებათ, სექტემბრის ბოლოს უხვი ნალექი მოვიდა და ორ ნაკვეთზე დაზღვეულმა მცირე ზარალი მიიღო. ოპერატიულად მივედით, შევაფასეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

აგროდაზღვევის ეს პროექტი ფერმერებისთვის საკმაოდ საინტერესო შეთავაზებაა, ამიტომ აქტიურობს საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა ცდილობს გაერკვევს პირობებში და გააფორმოს ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასთან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ ფერმერებისა და გლეხებისთვის, არამედ სადაზღვევო ინდუსტიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ ახდენს აგროდაზღვევის კომპენსირებას, რომ ფერმერმა შეძლოს და თავი დაიცვას ბუნებრივი რისკებისგან. აგროდაზღვევის ასეთი სქემა ერთ-ერთი საფუძველია იმისთვის, რომ აგრობიზნესი იყოს მდგრადი და განვითარდეს".

ემა ტუხიაშვილი