გიორგი აბაშიშვილი: მსხვილი იაპონური კომპანიები საქართველოსადმი მეტ ინტერესს იჩენენ

მსხვილი იაპონური კომპანიები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოსადმი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ტოკიოში, გიორგი მარგველაშვილსა და იაპონური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

აბაშიშვილის განცხადებით, მსგავსი ვიზიტები კარგი საშუალებაა საქართველოს მეტი პოპულარიზაციისთვის.

"საქართველოს პრეზიდენტმა იაპონური ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. საუბარი უმეტესად შეეხო საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, საქართველოს ახალ შესაძლებლობებს, პოტენციურ ინვესტორებს და ინვესტიციებს იაპონიიდან. საკმაოდ საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა. ჩანს, რომ მსხვილი იაპონური კომპანიები უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოსადმი. ამის შესახებ მათ საქართველოს პრეზიდენტთან საუბარშიც დააფიქსირეს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრას იაპონიის 15 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.