ნათია მიქელაძე კორეის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე კორეის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს კიმ კიუნგ-სიკს შეხვდა.

შეხვედრაზე კორეის მხარემ კორეის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ამსახველი პრეზენტაცია გამართა და ხაზი გაუსვა კორეული კომპანიების მრავალწლიან მაღალპროფესიულ გამოცდილებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სამხრეთ კორეის დელეგაცია წამყვანი კორეული ინფრასტრუქტურული და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებისგან შედგებოდა.

საქართველოს მხარემ ისაუბრა კორეასთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, როგორც საზღვაო ტრანსპორტის სფეროში, ასევე მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ნათია მიქელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების შესახებ და გააცნო სახელმწიფო პოლიტიკა საინვესტიციო სფეროში.

როგორც ნათია მიქელაძემ განაცხადა, ქართული მხარე მიესალმება სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარებას სატრანსპორტო ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით და კორეული კომპანიების ჩართულობას მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებში.