გიორგი კვირიკაშვილი: აღებული გვაქვს ვალდებულება, საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ საქართველო გადავიყვანოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ახალ ეტაპზე.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დინამიური გახდა და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ეს ურთიერთობა გაძლიერებულიყო.

"რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყნებს შორის. ახლახან საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი სრულიად გაუქმდა და დიდ მადლობას ვუხდით ისრაელის სახელმწიფოს ამ ძალისხმევისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კარგი ბიზნეს გარემოს შექმნას ხელს უწყობს. "საქართველოს უნიკალური პოზიცია და მდებარეობა გააჩნია, რათა ხელი შეუწყოს სავაჭრო ნაკადებს ევროპასა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. შემდეგ კი ეს სატრანსპორტო ხაზი ჩინეთამდეც გავა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოლიტიკის, მშპ-ს ზრდისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან სტუმრებს საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.