ტურიზმის ადმინისტრაციამ პროექტების პრეზენტაცია გამართა

ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად ახალი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციისა და კომპანიის ხელმძღვანელებმა სასტუმრო "ტიფლის პალასში", თბილისის, გუდაურის, მესტიისა და ბაკურიანის სასტუმროების წარმომადგენლებთან და ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასტუმროების პერსონალის გადამზადებას იწყებს. ტრეინინგები ბორჯომში, ბაკურიანში, მესტიასა და გუდაურში 100 ობიექტზე ჩატარდება. გადამზადება მომსახურების ხარისხს, სასტუმროს სტანდარტებს, უსაფრთხოებას და სხვა სფეროებს მოიცავს. მთის კურორტების განვითარების კომპანია კი ტურისტებს გუდაურსა და დიდველზე ერთიანი აბონიმენტების სისტემას სთავაზობს.

2014/2015 წლის სეზონისთვის ერთდღიანი საბაგიროს ბილეთების 20 ნოემბრამდე შეძენის შემთხვევაში, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეეძლებათ ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის ტურისტულ სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გუდაურში, 27 დეკემბერს კი ბაკურიანსა და მესტიაში სპეციალური გასართობი ღონისძიებებით გახსნის.