ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკრებულო მერიას სპეციალური პროგრამის შემუშავების მიზნით მიმართავს

საკრებულოში დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა თბილისში არსებული დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიერ წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.

სხდომას საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებოდა. დეპუტატები და მიწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის აშენება და ექსპლუატაციაში შესვლა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაცვის გარეშე მოხდა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე გარემოსა და საჰაერო მიმოსვლებს. ექსპერტების დასკვნით, აუცილებელია, აღნიშნული ნაგავსაყრელის კონსერვაცია და ადგილმონაცვლეობა. ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა მოამზადეს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერია ვალდებულია, არა უგვიანეს 10 ნოემბრისა, მოამზადოს პროგრამა ქ. თბილისის დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული ვითარების მოწესრიგების, შემდგომში მისი კონსერვაციისა და ახალი ალტერნატიული ვარიანტის შემუშავების მიზნით. დეპუტატების თქმით, დადგენილების პირველი პუნქტით განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკას და შესაბამისი იყოს ,,იკაოს" სტანდარტებისა და ევროგაერთიანების საბჭოს შესაბამისი დირექტივის (Council Directive 1999/31/EC of 26 April 1999 on the landfill of waste).

მერიის შესაბამისი სამსახური მზადაა საკრებულოს მოცემულ ვადაში წარუდგინოს ნაგავსაყრელის მოწესრიგებისა და შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოების ხედვა.

კომისიები აღნიშნულ პროექტს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.