EBRD-მა, ეკონომიკის სამინისტრომ და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

”დამტკიცებული პროექტების ფარგლებში ევრობანკი დააფინანსებს ტექნიკურ დახმარებას კომპანიების მიმართულებით”

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმით მხარეებს შორის განისაზღვრება სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" წარმატებული განხორციელების მხარდასაჭერად, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.

ხელმოწერის ცერემონია სახელმწიფო ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის აპარატში შედგა. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და ევრობანკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფილ ბენეტი, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მმართველი დირექტორი ფრენსის მალიში და კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

როგორც ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მოიწონეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

"ისინი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან ამ პროგრამის ფარგლებში. კონკრეტულად დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან კომპანიების დახმარებას მეოთხე კომპონენტში, რომელიც ამ პროგრამაში ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების და ახალი ტექნოლოგიების შემოტანის მხარდაჭერას კომპანიებში. რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებული პროექტების ფარგლებში ევრობანკი დააფინანსებს ტექნიკურ დახმარებას კომპანიების მიმართულებით, რათა მათ უკეთესად შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში არსებულ საწარმოებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.