ნათია მიქელაძემ საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის მრეწველობისა და ინვესტიციების განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ ისაუბრა საქართველო-ყაზახეთის თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში და ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს ბოლო ორი წლის მანძილზე.

ნათია მიქელაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტითაა გაზრდილი. რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს საქართველომ ყაზახეთში 12,4 პროცენტით მეტი პროდუქცია გაიტანა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. აგრეთვე, წელს მნიშვნელოვანი ზრდაა ტურიზმის სფეროში.

ბიზნესფორუმში 60 ქართული და 15 ყაზახური კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი წარმოადგენდნენ სამშენებლო, ფარმაცევტულ, მანქანათმშენებლობის, კვების პროდუქტების, ქიმიურ და მეტალურგიურ სექტორებს.