ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობპროდუქტების იმპორტის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 82,6 ათასი ტონა, რაც 4,7 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, სექტემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 34,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 48 ათასი ტონა. სულ 2014 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 648,6 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (596,7 ათასი ტონა) 51,9 ათასი ტონით მეტია. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 274,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 374,0 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 24,5 ათასი ტონა, ანუ 70,8%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,0 ათასი ტონა, ანუ 26%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,1 ათასი ტონა, ანუ 3,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 9,9 ათასი ტონა, ანუ 20,6%, L-62 დიზელის საწვავი - 38,1 ათასი ტონა, ანუ 79,4%.

ქვეყნების მიხედვით, 2014 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 221,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 167,0 ათასი ტონა – 25,7 %; ბულგარეთი - 100,1 ათასი ტონა – 15,4%; საბერძნეთი - 81,3 ათასი ტონა – 12,5 %; რუსეთი - 42,2 ათასი – 6,5%, თურქმენეთი - 29,6 ათასი ტონა – 4,6% და სხვ.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტს, როგორც კავშირში აცხადებენ, მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 57,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 99,1 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სექტემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 2,0 ათასი ტონა, რაც 4,7 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.