საპარტნიორო ფონდმა ბიზნესასოციაციას წლიური ანგარიში გააცნო

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ ბიზნესგაერთიანების - "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წარმომადგენლებს ფონდის 2013 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გააცნო.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. "ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ ენიჭება ამ ფორმატის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც ფონდში აცხადებენ, ფინანსური ანგარიში მომზადდა 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და მასში შესულია ფონდის ყველა, მათ შორის მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემებიც. ანგარიშის მიხედვით, მონაცემები წინა (2012) წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მათივე ცნობით, 2013 წელს ფონდის მოგებამ შეადგინა 73 მილიონ 569 ათასი ლარი, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 979 მილიონი ლარი. რაც შეეხება ჯამურ აქტივებს, იგი 3%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის ინფორმაციით, ანგარიშში მოცემულია ეკონომიკის სექტორების მიმოხილვა, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და სხვადასხვა წამყვანი საერთაშროსო სააგენტოების მიერ ქვეყნისთვის მინიჭებული რეიტინგები. მათივე ცნობით, ანგარიში იძლევა ინფორმაციას ფონდის ყველა დასრულებული და მიმდინარე პროექტის შესახებ.