გონიოს პოლიგონზე საინვესტიციო კვლევა ტარდება

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ტარდება.

სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საკურორტო ზონის განვითარების მიზანშეწონილობის და საინვესტიციო პოტენციალის კვლევას ატარებს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers International-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე კომპანია Collers-ის ლონდონის ოფისის წამომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარების პირველადი კონცეფცია წარუდგინეს. მხარეებმა რამდენიმე მიმართულება განიხილეს, რომელიც რეგიონში კონკურენტუნარიანი და კომერციულად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს.

გონიოს განვითარების პროექტის მიზანი ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიების, ჯამში 315 ჰა. საინვესტიციო პოტენციალის დადგენაა.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ერთიანი საინვესტიციო გეგმის არსებობა საქართველოს სახელმწიფოს ხელს შეუწყობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალი და გამოავლინოს მისი განვითარების ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. შესაბამისად, გონიოს განვითარების პროექტი აჭარის სანაპირო ზოლზე უპრეცენდენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტი გახდება.