საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გზების მოვლა-შენახვის ზედამხედველებს და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის კონტრაქტორი ორგანიზაციების მზადყოფნის საკითხი განიხილეს.

კონტრაქტორებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების- ქვიშა-მარილის მარაგის შექმნის, ტექნიკის მომზადების, საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოუდგინეს. მათ ასევე, ისაუბრეს ამ ეტაპისათვის გზებზე გასატარებელ ღონისძიებებზე. ზედამხედველებს კი განსახორციელებელი სამუშაოების კონტროლი დაევალათ.

"დეპარტამენტმა ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო, რათა საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მთელი ზამთარი უზრუნველყოფილი იყოს ავტოტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილება. დეპარტამენტის მიერ, აღნიშნული ტიპის სამუშაოების გატარება ყოველწლიურად ხორციელდება", - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.