თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დედაქალაქში "ღვინის ქალაქი" მოეწყობა

"თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, 25 ოქტომბერს რიყეზე "ღვინის ქალაქი" მოეწყობა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.

"ღვინის ქალაქის" ფარგლებში, რიყეზე "ღვინის სახლები" დაიდგმება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოების სრული ასორტიმენტი, ინფორმაცია ღვინოებზე - ყურძნის ჯიშები, ტექნოლოგია, მთავარი მწარმოებლები, ისტორია და ა.შ. იქვე გაიმართება ღვინის დეგუსტაცია, გამარჯვებული კი "თბილისობაზე" დაჯილდოვდება. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები ფასდაკლებით გაიყიდება.

"ღვინის ქალაქი" თეატრალიზებული ღვინის აღლუმით და თეატრ "ნაბადის" მსახიობების მონაწილეობით გაიხსნება. აღლუმი ჩაივლის მეტეხის ხიდზე "ღვინის ქალაქამდე", რომელიც საზეიმოდ გაიხსნება სიმბოლური გასაღებით. გასაღები კი ქალაქის მერს გადაეცემა.

"ქართული ღვინის კონკურსი - თბილისი 2014"-ის შედეგების საზეიმო გამოცხადება და დაჯილდოვების ცერემონია კი  26 ოქტომბერს გაიმართება.