რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციასთან შრომითი დავა წამოიწყო

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები, დღეს, სს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციასთან არსებულ სადავო საკითხებზე და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების დევნის ფაქტებზე იმსჯელებენ.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა, ხელახლა წამოიწყო კოლექტიური შრომითი დავა სს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციასთან.

"აღნიშნული დავა არის გამოძახილი გასულ წელს, რკინიგზელთა ერთდღიანი გაფიცვის შედეგად მიღწეული სამპუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობის. მოთხოვნები ერთი წლის შემდეგაც იგივეა: 1. ახალი სამართლიანი სახელფასო ბადის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რკინიგზელთა სტაჟი და კვალიფიკაცია. 2. სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღება, კერძოდ: მე-13 ხელფასის სახით. 3. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით, რკინიგზელებთან შეთანხმებით. აღნიშნული შრომითი დავა ითვალისწინებს 21 დღიან შემათანხმებელ პროცედურებს, რაც გულისხმობს მთავრობის მხრიდან დავის მედიატორის დანიშვნას", - აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირების წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობა ყველა საშუალებას მიმართავს, რათა მოლაპარაკებებით იქნას მიღწეული რკინიგზელებისა და მათი ოჯახებისთვის მისაღები სამართლიანი გადაწყვეტილება.