გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტების მისაღებად ემზადებიან

საქართველოს ზამთრის კურორტებზე მსოფლიო დონის ტურნირები ჩატარდება?

ზამთრის სეზონი ახლოვდება და საქართველოს მთის კურორტებზე სტუმრების დასახვედრად ემზადებიან. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით შვეიცარიის, საფრანგეთის, ან ავსტრიის ცნობილ კურორტებს ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ჩვენი ბუნების სილამაზე მაინც ბევრ სტუმარს იზიდავს. როგორ ემზადებიან ზამთრის სეზონისათვის გუდაურსა და ბაკურიანში? - ამ საკითხზე ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელს ალექსანდრე ონოფრიშვილს ვესაუბრეთ.

ალექსანდრე ონოფრიშვილი:

- წელს ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ კარგი სეზონი გვექნება. ზოგიერთ სასტუმროში საახალწლო პერიოდისათვის ნომრები უკვე სრულადაა დაჯავშნილი და ეს პორცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ წელს ჩვენს კურორტებზე გათოვლიანების სისტემა იმუშავებს, რაც ძალიან შეგვიწყობს ხელს. სეზონის გახსნას 13-დან 20 დეკემბრამდე ვგეგმავთ როგორც გუდაურში, ასევე დიდველზეც. შარშან, ახალი წლის დღეებში, თოვლი არ მოვიდა და 25 დეკემბრიდან 5 იანვრამდე უფასო საბაგიროები ჩავრთეთ, რომ ტურისტები შეგვენარჩუნებინა, ხოლო 5-დან 25 იანვრამდე 50-პროცენტიანი ფასდაკლება შემოვიღეთ, რომ ისინი უცხოეთის კურორტებზე არ წასულიყვნენ. ამის გამო შარშან 20-პროცენტიანი დანაკლისი გვქონდა წინა წლებთან შედარებით. წელს კი, თოვლიც რომ არ მოვიდეს, ეს საშიშროება აღარა გვაქვს - ყველანაირი ამინდისათვის მზადა ვართ, რაშიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დაგვეხმარება. ამავე დროს, გუდაურში თოვლის შემაჩერებელი და ქარსაწინააღმდეგო ღობეები დავაყენეთ, ამ ღობეების დახმარებით შევძლებთ თოვლი შევინარჩუნოთ.

- ესე იგი, მომავალ სეზონს მომზადებულები ხვდებით?

- დიახ. უკვე დამთავრდა სარემონტო სამუშაოები და ჩვენი კურორტები შეიძლება ნებისმიერ დღეს გაიხსნას. ყველა საბაგირო გარემონტებულია, თოვლსატკეპნი ტექნიკაც მწყობრშია და როცა საჭირო იქნება, გათოვლიანების სისტემაც ამოქმედდება. ტექნიკურად თითქმის ყველაფერი მზად არის სტუმრების მისაღებად. გარდა ამისა, ამ დღეებში სპეციალური შეხვედრა გავმართეთ სასტუმროების მფლობელებთან და ტუროპერატორებთან. ჩვენ მათ შევთავაზეთ ერთთვიანი აქცია, რომლითაც შეძლებენ საბაგიროს ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ და აქ ჩამოსულ ტურისტებსა და ვიზიტორებს შესთავაზონ. დეკემბრის პირველი რიცხვებიდან უკვე დავიწყებთ ტერასების გათოვლიანებას, რასაც დაახლოებით 10-14 დღე დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი 20 დეკემბერს მაინც გაიხსნება.

- როგორც ვიცი, გუდაურში, ბაკურიანსა და დიდველში ზამთრის სეზონის დასახვედრად სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

- ბაკურიანში ღამის სასრიალო ტრასის განათება ახლაც კეთდება, თანაც კიდევ ერთი სათხილამურო ტრასა დავამატეთ. კინოთეატრის აპარატურაც შეკვეთილია და სულ მალე ბაკურიანში 3D ფორმატის კინოთეატრი ამოქმედდება. გადაწყვეტილია, რომ უნდა შეიქმნას ვებგვერდი და ლოგო კურორტ დიდველისათვის, რითაც ამ მშვენიერ ადგილს უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს. გუდაურში ჩამოსულ სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ძალიან აწუხებდათ ქვები, ამიტომ ყველა ტრასა გაიწმინდა ქვებისაგან. ჩვენს სტუმრებს სათხილამურო ტრასებიც განახლებული და მოვლილი დახვდებათ იმიტომ, რომ ახალი თოვლსატკეპნი მანქანა შევიძინეთ, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. თოვლსატკეპნი მანქანების მძღოლები კი, შვეიცარიაში გავუშვით ტრენინგებზე, სადაც შეისწავლეს უფრო ხარისხიანად როგორ უნდა მოუარონ და დატკეპნონ თოვლი, ასე რომ, წლევანდელ სეზონს საფუძვლიანად მომზადებულები ვხვდებით.

- რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ თოვლს ხელოვნურთან შედარებით და თუ ჩატარდება ჩვენს კურორტებზე საერთაშორისო დონის ტურნირები?

- როდესაც ბუნებრივი თოვლი მოდის, ნაკლები ხარჯი და გაცილებით ნაკლები შრომა გვჭირდება. თანაც, ბუნებრივი თოვლი მოყვარულებისათვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ხელოვნური. პროფესიონალებს კი ხელოვნური თოვლი უფრო მეტად მოსწონთ. უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო ოლიმპიადებიც ხელოვნურად გათოვლიანებულ ტრასებზე ტარდება. ყველაზე დიდი თანხა კი მაინც ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟს სჭირდება. მაგალითად, ჩვენ ტბის რეზერვუარები გუდაურსა და ბაკურიანში 20-23 მილიონ ლარამდე გვიჯდება, ხოლო მთლიანად სისტემის ექსპლუატაცია - დაახლოებით 200 ათასი ლარი წელიწადში - ამ თანხაში შედის ელექტროენერგიის, წყლის ღირებულება, ადამიანური რესურსი და ექსპლუატაციის სხვა ხარჯები.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, რასაკვირველია, ჩატარდება: ჩვენი ქვეყნის სათხილამურო სპორტის ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას გადაუგზავნა გუდაურისა და დიდველის მონაცემები და მათგან სასიხარულო ამბავი მივიღეთ: მოგვცეს ნებართვა, რომ აქ საერთაშორისო ჩემპიონატები ჩატარდეს. თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება: ჯერ შეჯიბრებებს ევროპულ დონეზე ჩავატარებთ და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ უკვე გვექნება საშუალება, რომ საქართველოს ზამთრის კურორტებზე მსოფლიო დონის ტურნირებიც ჩატარდეს.

- წინასწარი ჯავშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელი ქვეყნები აქტიურობენ უფრო მეტად?

- წინასწარ ჯავშნებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ გამოცოცხლებულია რუსეთის ბაზარი - იქიდან გამოხმაურება ძალიან დიდია. ტრადიციულად აქტიურობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ველოდებით სტუმრებს პოლონეთიდან და ჩეხეთიდანაც. როგორც ყოველთვის, წელსაც ჩამოვლენ ტურისტები აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან. ბოლო წლებში ბევრი ვიზიტორი გვყავდა უკრაინიდან, მაგრამ წინასწარი ჯავშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წელს უკრაინის ბაზარი საკმაოდ პასიურია. თუ ამ ქვეყანაში სიტუაცია მოგვარდება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები აუცილებლად ჩამოვლენ და დაისვენებენ საქართველოში.

ხათუნა ჩიგოგიძე