საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ კანონში რამდენიმე ცვლილება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ცვლილებები ეხებათ იმ უცხოელებს, ვინც ვერ მოასწრო, მარტიდან სექტემბრამდე მოეწესრიგებინა თავისი საბუთები. მათ მიეცათ კიდევ ერთი შეღავათი. კერძოდ, პირველ მარტამდე ექნებათ საშუალება ისე, საკუთარ ქვეყანაში დაუბრუნებლად შეცვალონ ვიზის კატეგორია, თუკი ამის შესაბამისი საბუთები ექნებათ.

"მათ ექნებათ საშუალება, იუსტიციის სახლში აიღონ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, თუკი ამისათვის საკმარისი საბუთები ექნებათ. დღეს ასევე დამტკიცდა ცვლილება - ყველა ინგილოს, თუ სხვა ჩვენი ქვეყნის შვილს, თუკი ექნება თანამემამულის სტატუსი, შეეძლება სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს, თან ისე, რომ არ მოუწიოს თავის ქვეყანაში წასვლა. ეს შეღავათები მოგვცემს საშუალებას, რომ უცხოელებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი საბუთები პირველ მარტამდე მოაწესრიგონ და თანაც ისე, რომ ჩვენი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან არ დაზიანდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არაფერი იცვლება საზღვარზე ვიზის აღების მხრივ, გარდა იმისა, რომ სატვირთო მანქანების 5-დღიანი სატრანზიტო ვიზა გახდება 10-დღიანი და იმ შემთხვევაში, თუ მათ მანქანა გაუფუჭდათ საქართველოს ტერიტორიაზე, მშვიდად შეძლონ მისი შეკეთება.

რაც შეეხება ტურისტებს, წულუკიანის განცხადებით, ამ კუთხით არაფერი იცვლება, რადგან ტურისტებისთვის საქართველოში ისედაც მარტივი სავიზო რეჟიმია.