ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრთან, მეჰდი ეკერსთან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მეჰდი ეკერსმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტად გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

მხარეებმა შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა განიხილეს. გადაწყდა, რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის საკითხებზე იმუშავებს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა წელს გაიმართება.

თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა ოთარ დანელიას მიწის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით თურქეთის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურქეთის რესპუბლიკა და საქართველო ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავს და შეიმუშავებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც. მინისტრები შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე.