შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გურჯაანში მუხის კასრების საწარმო დაფინანსდა

შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით, ნოემბერში, გურჯაანში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება.

მუხის კასრების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობისთვის შპს "პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტებმა" 630 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 550 ათასი დოლარი 2013 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" დახმარებით მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დღეს, გურჯაანში შპს "პროფესიული მეღვინეობის პროდუქტებს" ეწვივნენ და მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო დაათვალიერეს.

კომპანიამ გურჯაანში ახალი საწარმო ააშენა, რომელიც თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. საწარმო ღვინისთვის და კონიაკისთვის მუხის კასრებს აწარმოებს. ხის მასალას ამერიკასა და საფრანგეთში ყიდულობს. საწარმომ საცდელი კასრების დამზადება უკვე დაიწყო. დღეში იწარმოება 30 ცალი მუხის კასრი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიაში დასაქმებულია 20 ადამიანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება 2013 წლის აპრილიდან დაიწყო. 23 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 582 მილიონ 122 ათას 138 ლარის ღირებულების 22 ათას 425 სესხი. მე-3 კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 696 საწარმო, აქედან 89 ახალი საწარმო. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, მესამე კომპონენტის ფარგლებში გაცემულია 36,091, 652 დოლარი 298 სესხზე.