ირანის ელჩი: ირანი საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის

ირანი საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არის.

ამის შესახებ, დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აბას თალებიფარიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით შავლიაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ირანის ელჩმა, საქართველოსა და ირანს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და ისტორიულ კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ირანის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებაც, რომელიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი.