ბიზნესასოციაციის და "დავების განმხილველი ცენტრის" ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნესასოციაციის და "დავების განმხილველი ცენტრის" (DRC) ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში კერძო არბიტრაჟის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

ბიზნესასოციაციის ცნობით, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, საქართველოს ბიზნესასოციაციის, სხვა ბიზნეს გაერთიანებების და ამ სფეროს ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის შემდგომ ქვეყანაში კერძო არბიტრაჟის განვითარებისათვის კეთილსაიმედო გარემო შეიქმნება, თუმცა არბიტრაჟის განვითარებისათვის მხოლოდ ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა საკმარისი არ არის - აუცილებელია ქვეყანაში პროფესიონალური, დამოუკიდებელი და ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნესასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება და გახდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტის - "დავების განმხილველი ცენტრის" (DRC) პარტნიორი, ერთობლივად შემუშავდა ისეთი სტრუქტურა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს არბიტრაჟის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნესასოციაცია იქნება გარანტი, რომ ,,დავების განმხილველი ცენტრი" იქნება სრულიად დამოუკიდებელი, იქნება მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული და განახორციელებს დავების განხილვას მიკერძოების გარეშე.