განათლების სამინისტრო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს იკვლევს

დასაქმების გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს იკვლევს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების კვლევას ახორციელებს.

კვლევა, "პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რათა ამ პროფესიებისათვის პროფესიული სტანდარტები შეიქმნას. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა დამსაქმებლებისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ სამსახურში პროფესიონალები ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით მოიწვიონ, რაც დასაქმების კუთხით საქართველოს ბაზრისთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ძველისგან განსხვავებით, ახალი, გაცილებით მოქნილი პროგრამები პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს იმ ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ბაზრისა და დამსაქმებლისათვის აქტუალურია.

პროექტის განსახორციელებლად ევროკავშირის მიერ 27 მილიონი დოლარია გამოყოფილი და მის მიზნობრივ ხარჯვას მუდმივ მონიტორინგს თავად ევროკავშირის წარმომადგენლობა და სახელმწიფო უწევს.