ზუგდიდში სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრი AGRO სახლი გაიხსნა

ზუგდიდში დღეს, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა, USAID/NEO-ს მხარდაჭერით მოწყობილი სასოფლო-სამეურნეო რესურს ცენტრი AGRO სახლი გახსნა.

USAID/NEO-ს წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრის მიზანია ფერმერებისთვის რიგი პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება. კერძოდ, მომსახურება მოიცავს ლაბორატორიას ნიადაგის, ფოთლის, თხილის და წყლის ანალიზებისათვის; ვეტერინარულ კლინიკას; საქონლისა და მომსახურების პაკეტებს სხვადასხვა კულტურებისათვის; და ღია გრუნტის და სათბურის სადემონსტრაციო ნაკვეთებს რეგიონში გავრცელებული ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილისათვის; დემონსტრირების და წარმოების თანამედროვე მეთოდებში ფერმერთა მომზადებას.

USAID/NEO-ს ინფორმაციით, გასული სამი წლის განმავლობაში ამ რეგიონში USAID/NEO-ს დახმარებით ჩამოყალიბდა 23 სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომლებშიც წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოჰყავთ სალათი, კიტრი, მარწყვი, პამიდორი და ყვავილები. ასევე მოეწყო ღია გრუნტში წარმოების ხუთი სადემონსტრაციო ნაკვეთი; კენკროვნების სანერგე მეურნეობა მარწყვის, მაყვლის და ჟოლოს მოსაყვანად, - მოეწყო საქონლის ფურაჟის საწარმოც. NEO-ს დახმარებით მოეწყო სამი მეტეოროლოგიური სადგური ირიგაციის ხელშეწყობისთვის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. NEO-მ ზუგდიდისა და წალენჯიხას მუნიციპალიტეტების 25 თემში ჩაატარა მუშაობა ეკონომიკური განვითარების გეგმების შესაქმნელად და მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტები მოიცავს წყალდიდობისგან დამცავ მდინარის ნაპირსამაგრი გაბიონების, საბავშვო ბაღების, სადრენაჟო არხების, შიდასასოფლო გზების და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, რომლებითაც სარგებლობს ამ ორი მუნიციპალიტეტის 2 018 ოჯახი.