ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები ძალაში დატოვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურების სამიტზე რუსეთისთვის მანამდე დაწესებული სანქციები ძალაში დატოვეს.

ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სამიტის კომუნიკეში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნები განაგრძობენ მოქმედების შემდგომი გეგმის შემუშავებას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. კომუნიკეს თანახმად, ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას და აღნიშნულ ფაქტს უკანონოს უწოდებს.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში სადისკუსიო კლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების გამო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, ეს აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს. თუმცა, რუსეთის პირველმა პირმა აღიარა, რომ სანქციები ქვეყანაზე გარკვეულ გავლენას ახდენს.