საქართველოს სუფთა ექსპორტი - რეალობა სტატისტიკის მიღმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზმა ”დოქტრინამ”, ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს სუფთა ექსპორტის ანგარიში წარუდგინა.

სუფთა ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) კვლევის მიმოხილვა სუფთა ექსპორტის დინამიკას, უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირში ექსპორტის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია სუფთა ექსპორტის გავლენა ექსპორტის ზრდაზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სუფთა ექსპორტის დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპის ჩამოყალიბებაზე. ”დოქტრინას” მონაცემებით, ყოველი წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად არის დამოკიდებული წინა წლის სუფთა ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებზე. მაგალითად, 2012 წლის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ზურგს უმაგრებდა 2011 წლის 32%-იანი სუფთა ექსპორტის ზრდა. ასევე, 2012 წლის სუფთა ექსპორტის 5%-იანმა ვარდნამ მნიშვნელოვნად შეაფერხა 2013 წლის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტ)-ის ზრდა.

”ჩვენი თემა ეხება სუფთა ექსპორტს ანუ, ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, რათა გამოიკვეთოს, საქართველოში წარმოებული რა პროდუქტი გადის სხვადასხვა ქვეყნებში და არა ის პროდუქტი, რომლიც შემოდის საქართველოში, ყოვნდება რაღაც პერიოდით და შემდეგ გადის საქართველოდან (რეექსპორტი)”, -აღნიშნავს ანალიტიკოსთა და მეცნიერებათა დარბაზ ”დოქტრინის” დირექტორი, მიხეილ დუნდუა bpn.ge-სთან საუბრისას.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10 793 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 2 908 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ ”დოქტრინის” მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 36%-ს რეექსპორტი შეადგენდა. 2013 წელს რეექსპორტი აბსოლუტურ გამოხატულებაში 1 მილიარდ 55 მილიონი დოლარი იყო, რითაც ქვეყანაში რეექსპორტის აბსოლუტური რეკორდი დამყარდა.

შედარებისათვის, 2012 წელს რეექსპორტი 763 მილიონი დოლარს შეადგენდა, 2011 წელს 488 მილიონს, ხოლო 2010 წელს 298 მილიონს. რაც შეეხება სუფთა ექსპორტს, 2013 წელს სუფთა, რეალური ექსპორტი 1 მილიარდ 855 მილიონი დოლარი იყო, 2012 წელს 1 მილიარდ 614 მილიონი, 2011 წელს მილიარდ 701 მილიონი, 2010 წელს 1 მილიარდ 286 მილიონი, 2009 წელს 990 მილიონი დოლარი.

ანგარიშის მიხედვით, სუფთა (რეალური) ექსპორტის ყველაზე მკვეთრი ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2011 წელს დაფიქსირდა 32,3%, ასევე მაღალი იყო ზრდა 2010 წელს - 29,8%, ტრენდი მკვეთრად გაუარესდა მომდევნო წლებში. 2012 წელი კი ქართული ექსპორტისათვის უმწვავესი აღმოჩნდა - რეალური ექსპორტი 5,1%-ით დაეცა. რაც შეეხება 2013 წელს, რეალური ექსპორტი შარშან 14,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2011 წელთან შედარებით 2013 წელს ზრდამ მხოლოდ 9%-ი შეადგინა.

საინტერესოა ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებთან 608 მლნ $ შეადგინა, რაც 73%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემებს. 2012 წელს კი ექსპორტი ევროკავშირში, 2011 წელთან შედარებით 16,7%-ით იყო შემცირებული.

ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები რომლებიც ექსპორტს რეექსპორტის გარეშე წარმოადგენენ, ასეთია: 2013 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან სუფთა ექსპორტმა 430 მლნ $ შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს არა 73%-ით, არამედ 52%-ით აღემატება, ხოლო 2011 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 8,5%-ით უსწრებს.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე წარმოდგენილ ანგარიშს დადებითად აფასებს, თუმცა ყურადღებას რეექსპორტის მნიშვნელობაზეც ამახვილებს. მისი თქმით, სუფთა ექსპორტისა და რეექსპორტის გამიჯვნა სწორი აქცენტია, მაგრამ, არ უნდა მოხდეს რეექსპორტის მნიშვნელობის შემცირება ექსპორტის ანალიზისას. ”საჭიროა სიღრმისეული ანალიზი. რეექსპორტი და ექსპორტი გამიჯნული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეექსპორტის დანიშნულება დავაკნინოთ. რეექსპორტი ეს არის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების ეფექტური მაჩვენებელი. როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის სატრანზიტო როლის, ფუნქციის ზრდაზე, აუცილებელია რეექსპორტის კვლევაც”.

ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა ექსპორტის კვლევებს. ”ანალიტიკური ცენტრები ამ მაჩვენებლებს ზოგადი ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებისთვის გამოყოფენ”, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.

სწორედ ანალიტიკური ცენტრების საქართველოში არსებობის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს დირექტორი, ნოდარ ძიძიკაშვილი bpn.ge-სთან საუბრისას და დასძენს, რომ ეკონომიკის ნებისმიერ თემაზე ანალიტიკური მსჯელობები აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის: ”ჩვენთან ანალიტიკური ცენტრების დეფიციტია. ასეთმა ორგანიზაციებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა მთავრობას გარკვეული მიმართულებები უნდა უჩვენონ.” თუმცა ნოდარ ძიძიკაშვილიც ხაზს უსვამს ექსპორტისა და რეექსპორტის თანაბარ მნიშვნელობას. მისი თქმით, თანაბარი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც სუფთა ექსპორტის, ასევე რეექსპორტის განვითარებას საქართველოში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ”დოქტრინა”, მსგავს კვლევებს სისტემატურად წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას. შემდეგი ფორუმის თემა ისევ სუფთა ექსპორტი იქნება: ” შემდეგ ეტაპზე ჩვენ ამავე თემას გავშლით სასაქონლე ჯგუფების მიხედვით - რომელ ქვეყანაში რა უპირატესობა აქვს ქართულ პროდუქციას და ვინ არის საქართველოს საერთაშორისო კონკურენტი”,- აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.

თამარ კორკოტაშვილი