დავით ნარმანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერი, დავით ნარმანია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო "ჯაიკას" (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კაე იანაგისავას და იაპონურ დელეგაციას შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, კერძოდ, მუნიციპალური სერვისის გაუმჯობესების კუთხით იაპონური გამოცდილების გაზიარებასა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე კულტურის სფეროში შესაძლო გაცვლით პროგრამებს.

თბილისის მერი "ჯაიკას" მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა. დავით ნარმანიას თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის, ურბანული ტრანსპორტის და ნარჩენების გადამუშავების კუთხით არსებული პრობლემების მოწესრიგების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მზადდება საინვესტიციო წინადადებები, რათა დაინტერესების შემთხვევაში საქართველოში იაპონელი ინვესტორები შემოვიდნენ.