ირანელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მათ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა გაუადვილდებათ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ირანის საპარლამენტო დელეგაციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა კვლავ გაუადვილდებათ და კანონში სათანადო ცვლილებები აისახება.

ახალი სავიზო რეგულაციები ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წარმომადგენელმა მოაიედ ვოსენის სადრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი სავიზო რეგულაციების შემდეგ ირანელი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლა გართულდა, თუმცა, მისივე თქმით, არის იმედი, რომ კანონში გარკვეული შესწორებები შევა და ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გაადვილდება.

მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგელებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა მზაობა, განვითარდეს და გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის, ვაჭრობის ტურიზმის, ტრანზიტის მიმართულებით.

ირანის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ფერეიდნელი ქართველი მუჰამედ ალი ასფანანი იმყოფება. როგორც აღინიშნა, ის ისტორიული პიროვნებაა იმ თვალსაზრისით, რომ პირველი ფერეიდნელი ქართველია, რომელიც ირანის პარლამენტში მოხვდა.