გიორგი კვირიკაშვილი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების გაფიცვას უცნაურად მიიჩნევს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების მიერ გაფიცვის გამოცხადებას უცნაურად მიიჩნევს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფოსტის შესახებ კანონზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის. მისივე განმარტებით, სახელმწიფო მზად არის, კერძო სექტორის ინტერესი გაითვალისწინოს. ამასთან, კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით კომპანიების წარმომადგენლებს მომავალ კვირას პირადად შეხვდება.

"ჩემთვის ცოტა უცნაურია გაფიცვის ფორმა, ვინაიდან ამ საკითხზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ვესაუბრე დღეს კომპანიების წარმომადგენლებს და მომავალი კვირის დასაწყისისთვის დავნიშნეთ შეხვედრა. მათ პირადად მე შევხვდები და გვექნება მუხლობრივი განხილვა კანონის. მე ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს კერძო სექტორის ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს გაფიცვა არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან კანონპროექტზე ჯერ არ არის დასრულებული მუშაობა. ჯერ ჩამოყალიბებული არ არის საბოლოო ვერსია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.