პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ რამდენიმე საწარმო შეიქმნება

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" ოთხ კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. კომპანიებისთვის გადაცემული ქონების ბაზაზე უახლოეს ორ წელიწადში ახალი საწარმოები ამუშავდება.

სამშენებლო მასალის ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც შპს "DAR CAPITAL"-მა სახელმწიფოსგან ერთ ლარად 7695 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მიიღო. კომპანია წარმოების დაწყებისთანავე 120 ადამიანის დასაქმებას აპირებს. განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 1 303 944 ლარია.

თბილისში, დიდი დიღმის მიმდებარედ 1981 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა შპს ,,საქელექტროდს," სადაც ლითონის მზა ნაწარმის საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით კომპანია 712 722 ლარის ინვესტირებას და მინიმუმ 20 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

100-მდე ადამიანი დასაქმდება საფეიქრო საწარმოში, რომლის შექმნასაც შპს "როიალ-ჯორჯია" თბილისში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე ქუჩა #5-7-ში არსებულ ტერიტორიაზე გეგმავს. აღნიშნულ მისამართზე სახელმწიფო 5363 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ფლობდა, რომლებიც შპს "როიალ-ჯორჯიას" საწარმოს შესაქმნელად ერთ ლარად გადაეცა. დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა 1 410 000 ლარს შეადგენს.

240 000 ლარი დაიხარჯება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო მასალების საწარმოს შესაქმნელად, სადაც 70 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციას შპს ,,კორდი" განახორციელებს, რომელმაც სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან 2222 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიიღო.

ოთხივე კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს, არამედ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გატანასაც აპირებს.