შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტებში ცვლილებები განახორციელა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები პროექტის ოპტიმიზაციის, ფერმერული მეურნეობების გამსხვილების, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შევიდა.

პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 2015 წლის იანვრიდან, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს (ნაცვლად დღეისათვის არსებული 8 კომპონენტისა) რამდენიმე ფინანსური პროდუქტი ექნება. კრეძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტი ორი კომპონენტით: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის და შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის; ასევე ექნება შეღავათიანი აგროლიზინგი და სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დადგენილი იყო სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები. პროექტის ოპტიმიზაციის ფარგლებში, საბანკო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და მათი ზედა ზღვრები შემდეგნაირად განისაზღვრა: საბრუნავი საშუალებებისთვის 20 000 ლარიდან –10 000 000 ლარამდე სესხებზე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები 10%-დან 15%-მდე დადგინდა. ძირითადი საშუალებებისთვის კი 12 000 აშშ დოლარიდან – 600 000 აშშ დოლარამდე (სესხის თანხის ოდენობიდან გამომდინარე) წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები 12%-დან 15%-მდე დადგინდა.

სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრების შემცირების პარალელურად სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდა და შემდეგნაირად განისაზღვრა: საბრუნავი საშუალებების კომპონენტისთვის - 8%; ხოლო ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის - 11%. შეღავათიანი აგროლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დარჩა. კერძოდ, შეღავათიანი აგროლიზინგი - 12%; ხოლო ”აწარმოე საქართველოში” - 10%.