თელავის ღვინის პირველი ფესტივალი "თელავინო 2014" გაიმართება

"კახეთის მეღვინეთა გილდია" 7 ნოემბერს თელავში ქართული ღვინის პირველ ფესტივალს "თელავინო 2014"-ს მოაწყობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ასეთი მასშტაბური ღვინის ფესტივალი თელავში პირველად ტარდება და იგი მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის, ვაზისა და ღვინის კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

"ღვინის ფესტივალი თელავ-ქალაქის ზეიმს ემთხვევა და მასზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ დიდი და მცირე ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული 500-მდე სხვადასხვა ასაკისა და ტიპის ღვინო. სულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ღვინის 22 კომპანია, როგორც კახეთიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. აქვე წარმოდგენილი იქნება ყველისა და თაფლის მწარმოებელი კომპანიები", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ ყველა სტუმარს ელის საჩუქარი - მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Spigelau-ს მიერ წარმოებული სადეგუსტაციო ჭიქა "თელავინო -2014"-ის ლოგოთი. გამოფენა გაიმართება თელავის თეატრში, 12.00-18.00 საათზე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: "კახეთის მეღვინეთა გილდია", სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, თელავის მერია, თელავის თეატრი, კომპანია "ბორჯომი", თელავის ფესტივალი "NEW ნადიმი" და მსოფლიო ბანკი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "კახეთის მეღვინეთა გილდია" შეიქმნა 2014 წელს და აერთიანებს 12 ღვინის კომპანიას. გილდიის მისიაა ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა რეგიონში, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობა უცხოელი ტურისტებისა და ქართული საზოგადოებისთვის.