საქართველოში შესაძლოა უნგრული ინვესტიციები განხორციელდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო საკითხებში სახელმწიფო მდივან ლასლო საბოსთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლასლო საბო საქართველოს, საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის თანათავმჯდომარის რანგში ესტუმრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებში ქვეყნები დინამიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ. მხარეებმა დასახეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი პრიორიტეტები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სრულად უნდა იქნას გამოყენებული პოტენციალი, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მოიცავს.

თამარ ბერუჩაშვილი მიესალმა უნგრული მხარის მზაობა, საქართველოში განახორციელოს კონკრეტული ეკონომიკური პროექტები და მოიზიდოს უნგრული ინვესტიციები.