ოთარ დანელია იაპონიის სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია იაპონიის სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგში საქართველო-იაპონიის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიას განცხადებით, დღეს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მინისტრმა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს მთავრობის ხედვა და ის ძირეული ცვლილებები გააცნო, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინტვესტიციო კლიმატზე. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც საქართველოში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ გაჩნდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე და რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა განახორციელოს.

"საქართველო-იაპონიას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით დაიგეგმა ჩვენი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო შეხვედრა გავმართეთ ქართულ მხარესთან. გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება იაპონელი ინვესტორებისთვის. საქართველოს ბუნებრივი კლიმატური პირობები მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა სატოში აბარამ.