საქართველო უნგრეთის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე იმუშავებს

ქართული მხარე უნგრეთის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე იმუშავებს.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის მეორე სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სხვა საკითხების გარდა, დღესვე შეთანხმდნენ, რომ სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

"ამ ჯგუფის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ უნგრული ტექნოლოგიების შემოსვლას საქართველოში, ასევე, უნგრეთის მთავრობის მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების დაფინანსებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უნგრეთის ბაზარზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ გარკვეული დასახელების ქართული ხილი და ბოსტნეული შეიძლება სარგებლობდეს კონკურენტული უპირატესობით უნგრეთის ბაზარზე. ეს უნგრელმა ექსპერტებმაც დაადასტურეს. ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ უნგრეთის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.