დავით ნარმანია: თბილისის მერია ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება

ზამთრის სეზონს თბილისის მერია სრულ მზადყოფნაში ხვდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერიაში განუცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მაქსიმალურად ყველა საჭიროება, რაც მოსახლეობას აწუხებს.

ნარმანიას თქმით, იმ დასახლებებში, რომელიც გაზიფიცირებული არ არის, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ, რომ ეს ოჯახები შეშით უზრუნველყოფილი იყოს. დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამისად გამოყოფილია ტყე-კაფები და სხვადასხვა სახის ადრე ჩატარებული ჭრების შედეგად შეგროვილი შეშა დაურიგდება მოსახლეობას, რაც რაიონული გამგეობების მეშვეობით მოხდება.

ნარმანიას განცხადებით, "თბილქალაქსერვისმა" უკვე შეისყიდა ტექნიკური მარილი და თოვლის შემთხვევაში, მისი გზებზე დაყრა მოხდება. ტექნიკური მარილი უკვე თბილისშია ჩამოტანილი და დასაწყობებულია.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია და საქალაქო სამსახურები ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.