ზურაბ ჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკური ინდექსის მაჩვენებლით საქართველომ 39 ადგილით უკან დაიწია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკური ინდექსის მაჩვენებლით საქართველომ 39 ადგილით უკან დაიწია.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსოფლიო ბანკი პერიოდულად ზომავს და აქვეყნებს 160 ქვეყნის ლოჯისტიკურ ინდექსებს, ე.წ. Logistics Performance Index-ს. მისივე თქმით, ეს ინდექსი/რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია სატრანზიტო და/ან რეგიონული ჰაბის ამბიციის მქონე ნებისმიერი ქვეყნისათვის.

"2007 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა პირველად გამოაქვეყნა აღნიშნული ინდექსი, საქართველო საერთოდ ვერ მოხვდა ქვეყნების ჩამონათვალში. გატარებული რეფორმების შედეგად, 2010 წელს საქართველომ დაიკავა 93-ე ადგილი, ხოლო 2012 წელს - 77-ე ადგილი. 2014 წელს შეინიშნება მსოფლიო ბანკის ამ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება, კერძოდ, საქართველომ უკან დაიწია 39 ადგილით და დღეს 116-ე ადგილს იკავებს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკური ინდექსი კომლექსური მაჩვენებელია და ერთობლიობაში ასახავს ქვეყნის მდგომარეობას შემდეგ სფეროებში: საბაჟო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მენეჯმენტის ეფექტურობა; სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი; გადაზიდვების განხორციელების სიმარტივე; ლოჯისტიკური მომსახურების კომპეტენცია და ხარისხი და სხვა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეიტინგში პოზიციების გაუარესება ნიშნავს, რომ ქვეყანა კარგავს სატრანზიტო პოტენციალს; ქვეყანა კარგავს პოტენციალს იქცეს რეგიონულ ჰაბად; მცირდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, რაც ნეგატიურად აისახება ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე; მცირდება ანაკლიის პორტის მშენებლობის მასშტაბური პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობა.

მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსის მაჩვენებელში საქართველოს რეიტინგის გაუარესების საკითხზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. ”ჩვენ რეიტინგების მიხედვით თუ დავიწყებთ საუბარს, ყველაზე მნიშვნელოვანი რეიტინგია მოსახლეობის ცხოვრების დონის რეიტინგი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პირველ ასეულში არ შევდივართ და არ შევდიოდით არასდროს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზარდოს, მათ შორის ლოჯისტიკაშიც ყველაფერს ვაკეთებთ - იცით, რომ ახალი პორტის მშენებლობას ვიწყებთ და საერთოდ, საქართველო ჩამოყალიბდება კავკასიაში, როგორც რეგიონული ჰაბი, მათ შორის ლოჯისტიკური", - განაცხადა ხადურმა. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რეიტინგი ამ მიზნის მიღწევას ხელს არ შეუშლის.