არაქელიანი: ვიმედოვნებთ, აფხაზეთის რკინიგზის შესახებ ძალიან მალე მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებთ

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა Tetr.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს.

მისი თქმით, ეს საკითხი არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც პოლიტიკური. არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რა სტადიაზეა საკითხი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სომხური, რუსული და ქართული მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. "უბრალოდ, ბოლო დროს გაიზარდა შანსები დამაიმედებელი განცხადებებისთვის, კერძოდ, "რუსეთის სარკინიგზო ხაზების" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა განაცხადა, რომ არის დამაიმედებელი ნიშნები. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე გამოსვლას და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს გავაკეთებთ", - განაცხადა არაქელიანმა.