პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით არაფერი ხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით "არაფერი ხდება".

"ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, საერთოდ არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. რაც ხდებოდა ორი წლის წინ, ის ხდება დღესაც - ანუ არავითარი მიმართულება არ არის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს. მისი თქმით, ეს საკითხი არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც - პოლიტიკური. არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რა სტადიაზეა საკითხი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სომხური, რუსული და ქართული მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. "უბრალოდ, ბოლო დროს გაიზარდა შანსები დამაიმედებელი განცხადებებისთვის, კერძოდ, "რუსეთის სარკინიგზო ხაზების" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა განაცხადა, რომ არის დამაიმედებელი ნიშნები. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე გამოსვლას და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს გავაკეთებთ", - განაცხადა არაქელიანმა.