”აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

როგორც გიორგი კვირკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის გაეცნო ინფორმაციას, რომელიც რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებას ეყრდნობოდა და იქ არ უნახავს, რომ ქართული მხარეც არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში. "მე ვერნაირად ვერ დავადასტურებ ამას, იმიტომ რომ, ამ ეტაპზე ცნობილი მიზეზების გამო, ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე არტურ არაქელიანი გამოცემა tert.am-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროც მონაწილეობს. მისი თქმით, ეს საკითხი არა იმდენად ეკონომიკურია, რამდენადაც - პოლიტიკური. არაქელიანის დაკვირვებით, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დამაიმედებელი ნიშნები საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რა სტადიაზეა საკითხი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ სომხური, რუსული და ქართული მხარეები ამ პროგრამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. "უბრალოდ, ბოლო დროს გაიზარდა შანსები დამაიმედებელი განცხადებებისთვის, კერძოდ, "რუსეთის სარკინიგზო ხაზების" პრეზიდენტმა ვლადიმერ იაკუნინმა განაცხადა, რომ არის დამაიმედებელი ნიშნები. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე გამოსვლას და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს გავაკეთებთ", - განაცხადა არაქელიანმა.