გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელს პიტერ გუდმანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტი განიხილეს, რომელიც გულისხმობს საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის და ზოგადად, ირიგაციის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

პროექტის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მსოფლიო ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის მიმდინარე წლის 13 ნოემბერს მოეწერება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, I ეტაპზე, სარწყავი სისტემების მოწესრიგების კუთხით, საქართველოს სამ რეგიონში განხორციელდება და ითვალისწინებს: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, ელ.მექანიკური მოწყობილობების და მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის, ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემის აღდგენას, მაგისტრალური არხის ხაიშის და მარაბდის მასივებზე წყალგამყვანი მილების რეაბილიტაციას, ქარელის მუნიციპალიტეტში ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის I და სხვა რიგის გამანაწილებელი და შიდა სამეურნეო ქსელების რეაბილიტაციას.