რკინიგზის ხელმძღვანელობასა და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება

რკინიგზის ხელმძღვანელობასა და რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართება.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მთავრობის მიერ დანიშნული მედიატორი ქეთევან ირემაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის მიზანია, მოლაპარაკების პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი გადაწყვეტის გზების ერთობლივად ძიება. როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, განსახილველი საკითხების კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების პროცესი სავარაუდოდ, დღევანდელი დღით არ ამოიწურება.

პროფკავშირების მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იქნებიან რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, ვიცე-პრეზიდენტი ილია ლეჟავა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები. რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან შეხვედრას ფინანსური დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტისა და კომპანიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს აქვს სამი ძირითადი მოთხოვნა: წინასაახალწლოდ პრემიის სახით ყველა რკინიგზელზე გაიცეს მე-13 ხელფასი, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდეს ახალი სახელფასო სისტემა ამ მომენტისათვის არსებული დამსახურების, სტაჟისა და კლასის დანამატების გათვალისწინებით და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაცემა დაიწყოს კვირაში ნამუშევარი 40 საათის შემდეგ. რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, თუმცა პროფკავშირის გამგეობამ მთავრობის მხრიდან დანიშნული მედიატორის გათვალისწინებით, მოლაპარაკებებისთვის საჭირო დროის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.