რუბლი კვლავ აგრძელებს კლებას

Admiral Markets-ის ანალიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო რუსეთიდან გამოსული ინფორმაციები და ნავთობის ფასის ტენდენციები.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რუსული რუბლი კვლავ აგრძელებს კლებას.

ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე უკვე იქონია ევროპის და ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა. არასტაბილური მდგომარეობის გამო ქვეყნიდან გაედინა და კვლავაც გაედინება დიდი ოდენობით ინვესტიციები. მთლიან შიდა პროდუქტზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ნავთობის ფასის კლება, რომელიც აგრძელებს წლის მინიმუმების დაფიქსირებას. ბოლო მონაცემის მიხედვით, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასმა ისევ დაიკლო 0,7 პროცენტით და ბარელზე შეადგენს 82 დოლარს და 33 ცენტს, ხოლო ამერიკული ნავთობის ფასმა მიაღწია 76,75 ნიშნულს.

ამის ფონზე გამოქვეყნდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების წინასწარი პროგნოზები. იმ შემთხვევაში, თუ სანქციები შენარჩუნდა გარკვეული პერიოდის მანძილზე და ნავთობზე ფასი ბარელზე უფრო დაიკლებს, მაშინ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის კლება ნავარაუდევია 4 პროცენტზე მეტად. ასევე მოსალოდნელია გაიზარდოს ინფლაცია 8 პროცენტამდე. ხოლო, რაც შეეხება ინვესტიციებს, ქვეყნიდან კაპიტალი გაედინება 120 მილიარდის ოდენობით.

ამ ნეგატიური ინფორმაციების ფონზე, რუსეთის ბანკის მიერ განხორციელებული დიდძალი ინტერვენციების მიუხედავად, რუბლის კლების ტენდეცია შენარჩუნებულია. რაც შეეხება ნავთობს, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა დაძლია ფსიქოლოგიური ბარიერი - 80 ნიშნული და დაფიქსირდა მის ქვევით. ეს გამოწვეულია ჩინეთში გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით.

ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ნელდება და შეიძლება წლის ბოლოს ვერ დააფიქსიროს 7.5 პროცენტიანი ზრდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში შემცირდა წარმოება. ბოლო მონაცემის მიხედვით, წარმოების ინდექსმა კვლავ დაიკლო და ზრდამ შეადგინა 7.7 პროცენტი, რაც წინა მონაცემთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. ასევე შემცირდა ინვესტიციების მოცულობაც და ზრდა დაფიქსირდა 15.9 პროცენტით. ნავთობზე ფასის კლებას ასევე ხელი შეუწყო შეერთებული შტატებიდან გამოსულმა ინფორმაციამ. ქვეყანაში მარაგებმა მოიმატეს 1,7 მილიონი ბარელით, ამ ინფორმაციების ფონზე კი ნავთობზე ფასმა გააგრძელა დაღმავალი ტრენდი. დღეის მდგომარეობით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე შეადგენს 77 დოლარს, ხოლო ამერიკული ნავთობის ფასი დაეცა 73,35 დოლარამდე.

მომზადებულია კომპანია Admiral Markets ანალიტიკური ჯგუფის მიერ