პროექტები, რომლებმაც ქართული სოფელი უნდა გააძლიეროს

”დაახლოებით 70 მილიონი ლარი მარტო მელიორაციის მიმართულებით დაიხარჯება”

სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო მიჩნეული ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროდ. გამონაკლისი ამ მხრივ არც თანამედროვე ეპოქაა. bpn.ge სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ესაუბრა.

- იმ პროექტებს შორის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა, ალბათ უმნიშვნელოვანესია ჯიშთა გამოცდის პროექტი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ - რას ითვალისწინებს ეს პროექტი?

- ჩვენს სამინისტროში ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ჯიშთა გამოცდა გახლავთ. რა თქმა უნდა, გამორჩეულ ყურადღებას ვაქცევთ ხორბალს. სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა ზოლში უკვე დათესილია ხორბლის სხვადასხვა ჯიში, რომ მათი კვლევა და სელექცია დავიწყოთ, თუმცა ეს არის პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. გარდა ამისა, სამინისტროში იქმნება თესლის სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს თესლის სერტიფიცირებას, რადგან თესლის ხარისხი ლაბორატორიულად უნდა იყოს შემოწმებული. აქამდე იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოდან უკვეთავდნენ სხვადასხვა თესლს და აქ ჩამოდიოდა არა ის ხარისხი, რაც საჭირო იყო. ეს იმის ბრალია, რომ არ არსებობს სერტიფიცირება და არ არსებობს კვლევის შესაძლებლობები. ამიტომ, ეს პროექტი პირველ რიგში ფერმერისათვის ხარისხიანი თესლის მიწოდებას ითვალისწინებს.

- გენმოდიფიცირებულ თესლს გულისხმობთ?

- შეიძლება ეს იყოს გენმოდიფიცირებული თესლი, მაგრამ მე ახლა გესაუბრებით ნებისმიერი თესლის შემადგენლობაზე, რომელსაც საქართველოში ვერ ვამოწმებდით, ამიტომ, სერტიფიცირების პრაქტიკის დანერგვა აუცილებელია. ამავე დროს, საჭიროა ჯიშების სელექციაც, დარაიონებაც, აქ მხოლოდ ქართულ ჯიშებზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ დაახლოებით 25-წლიანი ჩამორჩენა გვაქვს ამ მიმართულებით. ამ წლებში მეცნიერება ყველა მიმართულებით განვითარდა, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ჩვენ მათი გამოცდილებით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ: თურქეთიდან ვაპირებთ საინტერესო სახეობის თესლის შემოტანას, რათა შემდეგ მათი ადაპტაცია მოხდეს, დარაიონდეს და ჩვენს ბაზარზე ადგილობრივი, ქართული თესლი გაჩნდეს. დღეს მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის: შეიძლება გვალვაც იყოს პრობლემა, შეიძლება სხვა რამ, მაგრამ ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ თესლი ან უვარგისია, ან არასწორად არის შერჩეული. ჩვენ უნდა მივიღოთ ოპტიმალური და საუკეთესო შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება ეს ქართული ჯიშები, თუ სხვა ჯიშები, რომელსაც საქართველოში გავახარებთ. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ჯიშები აღდგეს, თუმცა, ნებისმიერ სხვა კონფიგურაციასაც არ გამოვრიცხავთ. საქართველო თავისი კლიმატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომ, რაც სამცხეში შეიძლება კარგი იყოს, იმან შეიძლება კახეთში ვერ გაამართლოს, ამიტომ, რეგიონების მიხედვით უნდა შევარჩიოთ, სად რა თესლი უნდა იყოს გამოყენებული და სწორი რეკომენდაციები მივცეთ. ალბათ გახსოვთ რაც მოხდა ”პიონერის” თესლთან დაკავშირებით: ეს იყო სწორედ გაუთვლელობისა და არასწორი მიდგომის ნიმუში. ყველგან ვერ იხარა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვარგოდა, უბრალოდ, არასწორად იყო შერჩეული კლიმატი და ნიადაგი, სადაც დათესეს. ამ საკითხებს სჭირდება სერიოზული კვლევა, შესწავლა, რისთვისაც სულ მცირე, 3-4 წელი მაინც დაგვჭირდება.

- ცნობილი ფაქტია, რომ წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი შემცირდა. რას უნდა დავაბრალოთ ეს?

- ხორბლის მოსავლის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ თესლი იყო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების საკითხიც. ხორბალი ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, ამიტომაც გვსურს, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ საქართველოში მოწეული ხორბლის რაოდენობა, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაც მაქსიმალურად იყოს დაცული. თუ დღეს საქართველოში მოწეული ხორბალი მოხმარების 10 პროცენტს აკმაყოფილებს, მისი რაოდენობა უნდა გავზარდოთ 30 და 40 პროცენტამდე, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მინიმალური ნორმები მაინც იყოს დაცული.

- არანაკლები სატკივარი და პრობლემაა სარწყავი სისტემები. როგორც ვიცით, სამინისტრო სარწყავი სისტემების რეაბილიტაციასაც აპირებს.

- კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ რაიონის წყლით უზურნველყოფას, სადაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება. ბოლო წლებში სამელიორაციო სისტემა მოიშალა, დაზიანდა, გაიძარცვა, ზოგი მწყობრიდანაც გამოვიდა და ა.შ... ამის გამო სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით, მაგრამ ეს მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. აქ საუბარია ძველ, ამორტიზირებულ მაგისტრალებზე, მათი რეაბილიტაცია უნდა შევძლოთ, რომ წყალი მივიდეს ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა. მართალია, ამასაც დრო სჭირდება, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია, მიმდინარე წელს უკვე 88 ათას ჰექტრამდე ფართობი იქნება წყლით უზრუნველყოფილი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გლეხებმა ნიადაგის სწორად, პროპორციულად მორწყვა დაიწყონ. კიდევ ერთი, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ, სარწყავი წყლის ლაბორატორიული შესწავლა, მისი კვლევაა. ეს ძალიან მნიშვენლოვანია იმიტომ, რომ ნიადაგს სწორი კვება სჭირდება- თუ წყალი არასწორად იქნება მიწოდებული, მას დამატებითი ღინისძიებები დასჭირდება და თუ ნიადაგი სწორი რაოდენობით, სწორი მეთოდოლოგიით მოირწყვება, ეს მის ნაყოფიერებას გაზრდის. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში ახლა ინერგება. მელიორაციის მიმართულებით ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ. გამოცხადდება ტენდერები, გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მეგობარი ქვეყნებიც ხელს გვიწვდიან საკმაოდ დიდი სამელიორაციო პროექტების განხორციელებაში. სადღაც საჭიროა დამშრობი სისტემები, სადღაც კი, პირიქით-სარწყავი და ამის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ. ეს პროექტები პრაქტიკულად ყველა რაიონში განხორციელდება. სადაც დაჭაობებულია, იქ დამშრობი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, მაგრამ სადაც წყალი აკლიათ, იქ სარწყავი სისტემები უნდა დაინერგოს. მომავალ წელს დაახლოებით 70 მილიონი დაიხარჯება მარტო მელიორაციის მიმართულებით.

- როგორც ვიცი, საქართველოსა და თურქეთს შორის თხილის სექტორში თანამშრომლობის საკითხსაც განიხილავთ. რა ტიპის თანამშრომლობაზეა საუბარი?

- პირველ რიგში, თხილი არის ერთ-ერთი საინტერესო საექსპორტო პროდუქტი, თურქთიდან ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო პრაქტიკა გავიზიაროთ იმიტომ, რომ საქართველოში თხილის ინდუსტრია დამოუკიდებლად განვითარდა - სახელმწიფოს მიერ ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალკონკურენტიანები გავხდეთ თხილის საერთაშორისო ბაზარზე და მოწინავეთა სიაში ვიყოთ. თურქეთთან ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ იქ აქვთ ექპერტიზა, აქვთ ძალიან დიდი გასაღების ბაზრები. დღეს რეალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება: შეიძლება პროდუქტი მოიყვანო, მაგრამ არ გქონდეს გასაღების ბაზარი. ამიტომ, თურქეთი ამ მიმართულებით ძალიან კარგი საშუალებაა. ასევე შესაძლებელია მოსავლიანობის გაზრდაც, რაც აგროტექნიკის დახმარებით უნდა მოხერხდეს. სწორი მოვლა-პატრონობითა და ხელშეწყობით, რაც უკვე იციან ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თხილის კულტურაა განვითარებული, მოსავლის რაოდენობა შეიძლება ერთი-ორად გავზარდოთ. ამ დარგში თურქეთის გამოცდილების გაზიარება მართლაც საინტერესო შედეგს მოგვიტანს.

-თურქი ბიზნესმენებიც აპირებენ ამ დარგში ინვესტიციების ჩადებას?

- რა თქმა უნდა. ახლახან შვეიცარიელმა ინვესტორმაც განახორციელა ინვესტიცია ზუგდიდის რაიონში, არის დაინტერესება თურქების, აზერბაიჯანელების მხრიდანაც. ზოგმა უკვე განახორციელა ინვესტიციები, ზოგი - მომავალში აპირებს. ჩვენთვის ყველა ინვესტორი მისაღებია, რომელიც ამ დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს. ჩვენი მიზანია, რომ ეს დარგი იყოს სტაბილური და მომგებიანი, მით უმეტეს, შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ დარგში მოწინავეები ვიყოთ და ვართ კიდეც. უკვე დავაფინანსეთ თხილის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც ათეულობით ადამიანი დასაქმდა. ეს საწარმოები სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. მე ამ დარგს შევადარებდი მეღვინეობას, როგორც მეღვინეობა ყალიბდება სტაბილურ და დამოუკიდებელ დარგად, ანალოგიური შეიძლება იყოს თხილის ბიზნესშიც. ამ მხრივ სერიოზული პოტენციალი გვაქვს და სახელმწიფოც აბსოლუტურად მზად არის, რომ ამ დარგს ხელი შეუწყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე