რუხში მრავალპროფილიანი კლინიკა შენდება

რუხის მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დაათვალიერეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების და აფხაზეთის მცხოვრებნი სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი.

ამ დროისთვის უკვე ჩასხმულია კომპლექსის შვიდივე ბლოკის საძირკველი; გაკეთებულია ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება. ამჟამად, მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე დევნილთა კორპუსის მცხოვრებია. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რუხის საავადმყოფოში 600 ადამიანი დასაქმდება.

მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 30 თვეში დასრულდება. მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.