სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ეგიდით რომში, FAO-ს შტაბ-ბინაში, კვების საკითხებზე მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილებდნენ FAO-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის სამთავრობო დელეგაციები. საქართველოს მხრიდან კონფერენციის მუშაობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის ხელძღვანელობით მონაწილეობდა. სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მთავარ თემას მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებისა და ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

კონფერენციის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასურსათო უსაფრთხოებისა და ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის გამოსვლაში, ნოდარ კერესელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვოს. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხი და ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობა იზრდება.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენელთან, ვლადიმირ რახმანინთან. შეხვედრაზე მხარეებმა FAO-ს ეგიდით და მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

აღსანიშნავია, რომ კვების საკითხებზე მეორე საერთაშორისო კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით რომის პაპი ფრანცისკი ესწრებოდა.