ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის 12 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე შეუფერხებლად დასაქმების საშუალება მიეცათ

ქართველ მეზღვაურებს შეუფერხებლად დასაქმების საშუალება ევროკავშირის 12 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მიეცათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის ქართველ მეზღვაურებს საშუალება აქვთ უკვე შეუფერხებლად დასაქმდნენ შემდეგი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე: ბელგია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, საბერძნეთი, რუმინეთი, შვეიცარია, სლოვენია, დანია, ლიტვა, ესტონეთი და ესპანეთი.

"მას შემდეგ, რაც 2013 წლის 22 ნოემბერს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოში გაცემულ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა" და ევროკავშირის 12 ქვეყნის საზღვაო ხელისუფლებას შორის გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმები – მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების თაობაზე, რაც გულისხმობს პირველ რიგში, ორმხრივ თანამშრომლობას საზღვაო დარგში ხელმომწერ ქვეყნებს შორის და ამ სახელმწიფოთა ვალდებულებას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაასაქმონ მეორე ხელმომწერი ქვეყნის მეზღვაურები მათი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. მსგავსი შინაარსის მემომარდუმების გაფორმების მიზნით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კვლავ აგრძელებს ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ზრდას", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.