”მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა.

ამის შესახებ პრემიერმა ქედაში განაცხადა, სადაც კომპანია "ტრადიციული კახური მეღვინეობის" ახალი საწარმო გახსნა. "ეს არის ღვინის და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია საქართველოში, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააქვს თავისი პროდუქცია და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი კომპანია სწორედ აქ, მაღალმთიან აჭარაში, ქედაში ხსნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ღვინის ქარხანას. კომპანიის მფლობელი ზურა ჩხაიძე სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მესამე პროექტს ახორციელებს, რისთვისაც მას მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტი გამოვუყავით "კახური ტრადიციული მეღვინეობის" კომპანიას. მან სახელმწიფოსგან 1 მილიონი იაფი სესხი მიიღო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და წარმატება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მეღვინეობის, ჩვენი მწარმოებლების. აქვე მინდა მოგახსენოთ, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ ყველაფერმა მეტი სტიმული მისცა გლეხებს, ფერმერებს და რეგიონებში დაიწყო ახალი ვენახების ინტენსიური გაშენება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კერძოდ, მას აჭარაში გამოჰყავს ნერგები და მოსახლეობას უფასოდ ურიგებს.