გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ICT-ის განვითარება 21-ე საუკუნის გამოწვევაა

საქართველოში ICT-ის განვითარება წარმოადგენს 21-ე საუკუნის გამოწვევას და ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მე-12 მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების სიმპოზიუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში ICT სფეროში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რამაც უზრუნველყო ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების განვითარება, თუმცა მთავრობა მიღწეული შედეგებით არ კმაყოფილდება.

"მაღალგანვითარებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების მძლავრ საშუალებას, იგი მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ICT სფეროს ინოვაციური ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით განვითარებას. ქვეყანაში შექმნილია სფეროში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო და ტარდება სპეციალური ზომები მეწარმეობისა და კონკურენციის განსავითარებლად, მომსახურების არსებული სახეობების გასაუმჯობესებლად და ახალი მომსახურებების დასანერგად. ქვეყანაში ICT სფეროში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რამაც უზრუნველყო ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების განვითარება. საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამების დანერგვის, ქვეყნის ყველა სკოლის მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფის შედეგად ხორციელდება მოსწავლე ახალგაზრდობის ICT უნარ-ჩვევების შესწავლა და განვითარება. ამასთან ერთად, წარმატებულად ხორციელდება ღია მმართველობის საქართველოს პროგრამა, რომლის მიზნებია საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, სახელმწიფოს მართვაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა, შექმნილია სერვისების მოქალაქის პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 300 -ზე მეტ საჯარო მომსახურებას და ა.შ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ახალმა ტექნოლოგიებმა, ინოვაციებმა, მაღალგანვითარებულმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მის ევროატლანტიკურ სივრცეში ღრმა ინტეგრაციას.